ამ დრომდე პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ახმეტაში ჩასვლა უწევდათ. ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში კი გადაუდებელი დახმარების სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი.
„იმ შემთხვევაში თუ იქნება საჭიროება სასიცოცხლო ფუნციების დასტაბილურებისა, სრული სერვისია იმისთვის, რომ აღნიშნული დახმარება გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობას. ამ ეტაპზე ცენტრში დასაქმებულია 25 ადამიანი და პერსპექტივაში შეიძლება თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს“, - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ.
„უნდა ითქვას, რომ პანკისის ხეობის სოფლებს გააჩნიათ მაქსიმალური ყურადღება ხელისუფლებისგან არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის კუთხითაც. იგივე, ვთქვათ, ხელმისაწვდომობა საჯარო და სამოქალაქო სერვისებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ყვარელმშენი 52“-მა ჩაატარა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებისთვის 700 000 ლარი იყო გამოყოფილი.